"გაცვლა" - გამოფენამდე დარჩენილია 3 დღე

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ალბათ შენიშნავდით თბილისის სხვადასხვა უბანში ვიდეომონიტორებზე პროექტ "გაცვლის" შესახებ ინფორმაციას.

პროექტი "გაცვლა" სოციალურ საწარმო "საჸურის" ერთ-ერთი პროექტია, რომელიც გამოფენით გვირგვინდება.

20 ივნისს, 20:00 საათზე, "საჸური" "გაცვლის" ფარგლებში 2 000 მდე ვიზიტორს უმასპინძლებს. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც აინტერესებს ეკოინიციატივები, მარკეტინგი და ხელოვნება, რადგან ეს უკანასკნელი ჩამოთვლილ მიმართულებებს ერთ კონცეფციაში აერთიანებს.

"გაცვლა" საქართველოში პირველი მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენაა. მსგავსი ინიციატივები გლობალურად ხშირია, თუმცა არა ზუსტად იმ ფორმატით, რა კონცეფციასაც "საჸურის" პროექტი ეყრდნობა. ის თანამშრომლობს კერძო ბიზნესთან: "თიბისი ბანკი", "მ2", "ალმა" და "სოკარი". მათი გამოუსადეგარი/დაზიანებული ნივთებისგან (ინსტალაციები, ლაითბოქსები, მაკეტები) ქმნის საგამოფენო ექსპონატებს, რომლებიც ჩართული კომპანიების მიმდინარე კამპანიების ლოგიკური გაგრძელებაა.

ღონისძიების ჩატარების ლოკაციაც სიმბოლურია - კომბინატი, სივრცე სადაც ერთმანეთს ერწყმის ძველი და თანამედროვე ელემენტები.

რამდენიმე კითხვით მივმართეთ ნინი ღვინაშვილს, სოციალური საწარმო "საჸურის" დამფუძნებელს.

როგორ ფიქრობთ, როგორია დღეს საქართველოში სოციალური საწარმოების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და როგორ ცვლის ამ აღქმას "საჸური"?

საქართველოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ გავრცელებულია წარმოდგენა, რომ სოციალური საწარმო მხოლოდ მცირე მასშტაბის, შეზღუდული რესურსების მქონე ორგანიზაციაა. "საჸური" ამ სტერეოტიპს ამსხვრევს. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, რომელიც არღვევს ჩარჩოებს და აერთიანებს ეკოინიციატივას, მარკეტინგულ ხედვას და ხელოვნებას ერთ კონტექსტში. სწორედ ამის მაგალითია "გაცვლა" - გამოფენა, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება და პარტნიორი კომპანიებისთვის ქმნის ახალ საკომუნიკაციო არხს.

რამდენად მარტივია ტექნიკურად გამოუსადეგარი ნივთებისგან საგამოფენო ექსპონატების შექმნა?

დაზიანებული ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება რთული, მაგრამ ამავდროულად საინტერესო გამოწვევაა. პროცესის თითოეული ეტაპი სავსეა მოულოდნელობებით. დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე ხშირად გვხვდება სიურპრიზი, რომელიც თავდაპირველ ჩანაფიქრს ცვლის. ასეთ დროს გვიწევს ვიფიქროთ სტანდარტულ ჩარჩოებს მიღმა და ადგილზე სრულიად ახალი გადაწყვეტა მოვძებნოთ. სწორედ ეს არაპროგნოზირებადი და ცოცხალი პროცესი აქცევს გადამუშავებულ ექსპონატებს უნიკალურად.

გამოფენის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება პუბლიკაცია, "მდგრადი ტრანსფორმაცია", რომელშიც ასახული იქნება პროექტის შედეგები.