Mastercard და AI ასოციაცია საქართველოში AI წიგნიერების ეროვნულ სასკოლო პროექტს იწყებენ
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
სექტემბრიდან, საქართველოში მასშტაბური ეროვნული ინიციატივა აიღებს სტარტს, რომლის მიზანი ხელოვნური ინტელექტის (AI) განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და ახალი თაობის გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის მომზადებაა. პროექტს Mastercard და AI ასოციაცია ერთობლივად განახორციელებენ.
ინიციატივა ითვალისწინებს AI წიგნიერების ინტეგრაციას სასკოლო სივრცეში, მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადამზადებას, თანამედროვე სასწავლო პროგრამების შექმნასა და რეგიონებში ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე წვდომის გაზრდას. პროექტის მიზანია, საქართველო AI განათლების მიმართულებით რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბდეს.
"ეროვნული AI წიგნიერების პროგრამა" 16-კვირიანი სასწავლო მოდულია, რომელიც შექმნილია სპეციალურად IX - XI კლასის მოსწავლეებისთვის. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან AI-ის საფუძვლებს, კონტენტის გენერირებას, ვიზუალისა და კოდის შექმნას, კრიტიკულ აზროვნებასა და AI-ის პასუხისმგებლიან გამოყენებას.
პროგრამა 2025-2027 წლების განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება და მოიცავს:
- ახალი თაობის AI პროფესიონალების განვითარებას;
- სკოლებში AI წიგნიერების პროგრამების დანერგვას;
- პროფესიული AI საგანმანათლებლო ინიციატივების გაძლიერებას;
- მოსწავლეებისთვის პრაქტიკული და ეთიკური AI უნარების განვითარებას.
ინიციატივის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ტექნოლოგიურ თანასწორობასა და გოგონების ჩართულობის გაზრდას ტექნოლოგიურ სფეროებში.
დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში:
"ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის ეკონომიკას, განათლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საქართველოში ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებზე, რომლებიც მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე. Mastercard-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ტექნოლოგიურ ინკლუზიას, განათლებას და მომავალი ლიდერების განვითარებას ემსახურება."
გიგი გიორგაძე, AI ასოციაციის დამფუძნებელი:
"ჩვენი მიზანია, AI განათლება ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოსწავლისთვის - არ მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც. გვინდა, ახალგაზრდებმა AI აღიქვან არა მხოლოდ ტექნოლოგიად, არამედ შესაძლებლობად, შექმნან ინოვაციები, ახალი პროდუქტები და საკუთარი მომავალი."
ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით და ქმნის საფუძველს, რომ საქართველო რეგიონში AI განათლების ერთ-ერთ წამყვან ცენტრად ჩამოყალიბდეს.