იყავი ყურადღების ცენტრში – Megan Thee Stallion პოპულარობის, წარმატებისა და მუდმივი აქტუალობის შესახებ

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ყველას სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორ აქციოს ეს ყურადღება კაპიტალად. მაგალითად: ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც თეორიულად, ერთ ვირუსულ ვიდეოსაც კი შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა. ვირუსულობა ყიდის პროდუქტს, ქმნის ბრენდებს და ვარსკვლავებს. შედეგად, ნებისმიერ ანტრეპრენერს კონტენტის შემქმნელივით მოქცევა მართებს. ციფრულ სამყაროში ჩვენი ცხოვრება და მიზნები კონტენტის ნახვების რაოდენობისა და ციფრების ირგვლივ ტრიალებს. თუმცა, ვთქვათ და მართლაც შეძელით ვირუსული ვიდეოს გადაღება – შემდეგ რა ხდება? ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ვირუსული ვიდეო უნდა აკეთოთ? მეტი კონტენტი აწარმოოთ? შეაბიჯოთ სამყაროს უდიდეს ციფრულ ბორბალში და დაუსრულებლად ირბინოთ, თან საკუთარი თავი ისე წარმოაჩინოთ, რაზეც ინტერნეტი რეაგირებს?

მეგან პიტს ამაზე ბევრი უფიქრია, რადგან თავადაც "ყურადღების ეკონომიკის" პროდუქტი და მისი ტრანსფორმაციული ძალის ცოცხალი მაგალითია. ჯერ კიდევ 2013 წელს, Prairie View A&M-ის უნივერსიტეტში სწავლისას, ის დამწყები რეპერი იყო, რომელიც ფრისტაილის ნიჭით გამოირჩეოდა. მისი რამდენიმე ვიდეო ინსტაგრამზე ვირუსულად გავრცელდა. მეგანმა გამომწერების დაგროვება Megan Thee Stallion-ის სახელით დაიწყო, რასაც ხმის ჩამწერ სტუდიასთან გაფორმებული კონტრაქტი მოჰყვა. მისი სიმღერა Hot Girl Summer 2019 წლის ზაფხულის ჰიტად იქცა, ამას მოჰყვა კოლაბორაციები ბიონსესა და Cardi B-სთან, უდიდესი პოპულარობა, სიმდიდრე, "გრემის" სამი ჯილდო, თითქმის 75 მილიონი გამომწერი სოციალურ ქსელებში, დოკუმენტური ფილმი, საცურაო კოსტიუმების ხაზი, ტეკილას ბრენდი, Popeyes-ის ფრენჩაიზი, ძვირადღირებული ტანსაცმელი, მანქანები და გავლენიანი მეგობრები. მაგრამ ყველაფერი შეიძლება სულ სხვაგვარადაც წარმართულიყო და ეს თავადაც კარგად იცის.

ხალხს შეეძლო ის სოციალურ ქსელში უბრალოდ შეემჩნია, შესაძლოა გამოეწერა კიდევაც. შემდეგ კი სხვა ვიდეოზე გადართულიყვნენ, სხვა პერსონაზე – მორიგ ობიექტზე, რომელსაც მალევე დაივიწყებდნენ. მას შეეძლო ამ ეიფორიას აჰყოლოდა და ყურადღების მოპოვების სასოწარკვეთილი მცდელობით, ვიდეოდან ვიდეომდე ზუსტად ერთი და იგივე კონტენტი ეწარმოებინა. საბოლოოდ ხომ სწორედ ასე ემართება უმრავლესობას, ვინც სოციალურ ქსელში მოულოდნელად პოპულარული ხდება, ან ვისი სიმღერაც წამიერად ჰიტდება – ისინი იღებენ სანატრელ ყურადღებას, თავიანთი დიდების 15 წუთს, შემდეგ კი პირდაპირ დავიწყებას მიეცემიან.

რატომ ხდება ასე? მეგანს მიაჩნია, რომ მიზეზი მარტივია: უმრავლესობას ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არ ესმის.

"ხალხი რაღაცებს იმისთვის აზიარებს, რომ, უბრალოდ, შეამჩნიონ და არა იმისთვის, რომ მათი გაიგონ. არასოდეს მიცდია, უბრალოდ, შესამჩნევი ვყოფილიყავი. მინდოდა ხალხს რაღაც ეგრძნო. როცა მხედავთ, მინდა გაგიჩნდეთ განცდა: "ღმერთო ჩემო, მე მას ვიცნობ, ან მინდა, რომ გავიცნო", – ამბობს ის.

სწორედ ამ ხედვამ მოუტანა მას წარმატება. როდესაც მეგანი თავისი მუსიკითა და თავდაჯერებული იმიჯით გახდა ცნობილი, პარალელურად უფრო კომპლექსური პიროვნებაც გამოაჩინა და საკუთარი ისტორია ხალხს გაუზიარა: უყვარს ანიმე, ღიად საუბრობს თერაპიაზე, მამამისი მისი ცხოვრების პირველი რვა წლის განმავლობაში ციხეში იჯდა, ორივე მშობელი კი მანამ გარდაეცვალა, სანამ 25 წლის გახდებოდა.

"იძულებული გავხდი, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. გავიაზრე, რომ არავინ აპირებს ჩემს დახმარებას, არავინ არაფერს მომცემს", – ამბობს მეგანი.

მისმა ფანებმა ეს კარგად იციან. მეგანს თავისი ფანები ძალიან უყვარს, აფასებს და ღიად ეკონტაქტება. დიახ, მეგანი ნიჭიერია და მართლაც კარგ მუსიკას ქმნის, თუმცა სამყაროში უამრავი ნიჭიერი ადამიანია, სიმღერები კი მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. ასე რომ, თუ გსურთ ბაზარზე დიდხანს დარჩეთ – მიუხედავად იმისა, თუ რომელ სფეროში მოღვაწეობთ – აქცენტი იმაზე უნდა გააკეთოთ, რაც უფრო დიდხანს ცოცხლობს. საქმე არ ეხება უბრალოდ გამოჩენას ან მარკეტინგს. მთავარია, ეს ხილვადობა უფრო ღრმა, გრძელვადიან ურთიერთობად აქციოთ. ხალხს უნდა უჩნდებოდეს განცდა, რომ ინვესტიციას პირადად თქვენში დებს და არა მხოლოდ იმაში, რასაც აწარმოებთ. ამისთვის კი საჭიროა, მათ გაეხსნათ.

"იყო ნამდვილი, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაზე ხშირად ჩანდე. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაზე ხმამაღლა ყვიროდე. ეს არის იმის ჩვენება, თუ რამდენად შეგიძლიათ იყოთ თქვენი ნამდვილი მე, თქვათ ის, რისიც გჯერათ. ეს არის ავთენტიკურობა".

ეს ყველაფერი ვარსკვლავების შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ ვთქვათ, თქვენ არ ხართ Megan Thee Stallion. საერთოდ უნდა ვინმეს თქვენი გაგება? გაგიკვირდებათ და – კი. ადამიანები ადამიანებთან ამყარებენ კავშირს და არა ბრენდებთან. ასე რომ, თუ ბიზნესი შექმენით, თქვენ ფასდაუდებელი მარკეტინგული აქტივი ხართ. თქვენ ხართ მთავარი გზა, რომლითაც ადამიანები თქვენს ბრენდს აღმოაჩენენ და ძირითადი მიზეზი, რის გამოც მას ენდობიან. თუმცა, ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია, საკუთარი თავის საჯაროდ ჩვენებისას თავი კომფორტულად იგრძნოთ. თქვენ უნდა იყოთ ის ადამიანი, ვინც სოციალურ ქსელებში, კამერის წინ, პოდკასტებში თუ პირად შეტყობინებებში მომხმარებლებთან ურთიერთობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა ეცადოთ, რომ ხალხმა გაგიგოთ.

დამფუძნებლები ხშირად თავს იკავებენ ამისგან. ნერვიულობენ, რომ კამერასთან არ არიან კარგები, ან ფიქრობენ, რომ მათი სათქმელი არავის აინტერესებს. აი, ჯადოსნური ხრიკიც: ნუ შეხედავთ ამას ისე, თითქოს საკუთარ თავს საჯაროდ აშიშვლებთ და დაუცველს ტოვებთ. ამის ნაცვლად იფიქრეთ ამაზე, როგორც პერსონაჟის თამაშზე – თქვენ ირგებთ როლს. ეს პერსონაჟი თქვენი ვერსიაა, თუმცა არა მთლიანად თქვენ. ეს არის თქვენი ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს აუდიტორიას – ნაწილი, რომელსაც ღრმად ესმის მომხმარებლის პრობლემა, გრძნობს მათ ტკივილს და სურს პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა და შეთავაზება. როგორც კი ამგვარად ფიქრს დაიწყებთ, შეძლებთ ამ პერსონაჟის ფორმირებასა და კონტროლს. როგორ იქცევა პერსონაჟი? რაზე საუბრობს? მხიარული და ოპტიმისტია, თუ უფრო სერიოზული და პირდაპირი? თუ თქვენ ხართ დედა, რომელიც ბავშვებისთვის ჯანსაღ სასუსნავებს აწარმოებს, მაშინ თქვენი პერსონაჟი შეიძლება ასეთი იყოს: "მე თქვენნაირი დედა ვარ და ვიცი, რა რთულია ბავშვებისთვის კარგი საკვების პოვნა. ამიტომ ვსაუბრობ მშობლობაზე, კვებასა და ბავშვებზე. ამას გავაკეთებ ცოდნითა და იუმორით – რადგან ჩვენ, დედები, სწორედ ასე ვიქცევით".

ახლა ყველაფერი ნათელია. თქვენ ხართ კონკრეტული პერსონაჟი, რომელიც კონკრეტულ აუდიტორიას ესაუბრება. როგორც კი ამ ნიშას დაიკავებთ, არასოდეს გადაუხვიოთ მას. თქვენი აუდიტორია ყოველ ჯერზე თქვენს ერთსა და იმავე ვერსიას უნდა ხედავდეს – ადამიანს, რომელსაც შეუძლიათ ენდონ, ვინც მათთვის ახლობელია, ვისაც აქვს მათთვის სასარგებლო ინფორმაცია და ვისგანაც პროდუქტის ყიდვა სურთ. ზუსტად ეს პროცესი გაიარა მეგანმაც.

"ვგრძნობდი, რომ უნდა მესწავლა, როგორ გამემიჯნა ერთმანეთისგან მეგან პიტი და Megan Thee Stallion", – ამბობს ის.

მეგანი 鶹-თან ინტერვიუში ხსნის განსხვავებას მეგან პიტსა და Megan Thee Stallion-ს შორის. უპირველეს ყოვლისა, ის განმარტავს, თუ ვინ არის ნამდვილი მეგანი. ის დაიბადა როგორც მეგან ჯოვონ რუთ პიტი. სწავლობდა ჰიუსტონის მახლობლად მდებარე Historically Black College-ში. პარალელურად კი საკუთარი ოცნებების ახდენისთვის მუშაობდა. მუსიკოსობაზე ოცნებობდა, მოგვიანებით კი, როდესაც წარმატებას მიაღწია, ჯანდაცვის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ხარისხიც დაიცვა.

"ჩემს ოჯახში პირველი მილიონერი ვარ. ჩემები ძირითადად მასწავლებლები არიან. ბიძაჩემი სამხედრო იყო. ეს ნამდვილი, საჭირო პროფესიებია. მე ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა და გაჭირვება. ვიცი, რას ნიშნავს, როცა არ იცი, ხვალინდელი დღე რას მოგიტანს. ვიცი, რა არის, როცა რაღაც ძალიან გინდა, არ ხარ დარწმუნებული, გამოგივა თუ არა, მაგრამ მაინც დაუღალავად შრომობ".

სახელი – Megan Thee Stallion მეგანს სცენისთვის არ მოუგონია. ეს, უბრალოდ, უფროს კლასებში შერქმეული მეტსახელი იყო, რომლის გამოყენებაც სოციალურ ქსელებში დაიწყო. მოგვიანებით, როცა პოპულარული გახდა, მას ბევრი ფიქრი დასჭირდა ამ პერსონაჟსა და საკუთარ თავს შორის არსებულ განსხვავებაზე. ეს მის საუბარშიც იგრძნობა – ის ხშირად მესამე პირში მოიხსენიებს Megan Thee Stallion-ს.

და ვინ არის Megan Thee Stallion მისივე სიტყვებით?

მეგან პიტმა საკუთარ თავს ჰკითხა: ვინ სჭირდება მის აუდიტორიას, რომ იყოს Megan Thee Stallion? პირველ რიგში, მან გააცნობიერა, რომ ხალხს ამ პერსონაჟისგან სტაბილურობა და თანმიმდევრულობა სჭირდება. მისი ფანები მთელ ქვეყანას შემოივლიან ხოლმე მისი შოუების საყურებლად. მეგანი ამბობს, რომ გული უჩუყდება, როცა ყოველ საღამოს დარბაზში ერთსა და იმავე სახეებს ხედავს. როცა გულშემატკივარს ხვდება, მეგანს ყოველთვის სურს, რომ ეს მათთვის საუკეთესო გამოცდილება იყოს. "როდესაც ჩემს ხალხთან, ჩემს ფანებთან ვურთიერთობ, მინდა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მათთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, რამდენად ცუდი დღე ჰქონდათ მანამდე. მინდა, რომ ჩემთან შეხვედრის შემდეგ მათი დღე უკეთესი გახდეს. მათ ერთგვარი შვება უნდა იგრძნონ".

თუმცა მეგანიც ადამიანია. მასაც აქვს ცუდი დღეები. ყოველთვის ადვილი არ არის სტაბილური, ურყევი და საიმედო პოზიტიური განწყობის გაზიარება – სწორედ ამიტომ არის სასარგებლო ზღვარის გავლება Megan Thee Stallion-სა და მეგან პიტს შორის.

მაშ, როგორ უნდა აქციოთ თქვენი მთლიანი, კომპლექსური "მე" მარტივ, პროგნოზირებად პერსონაჟად? აი, მარტივი გზა: შეხედეთ თქვენს პერსონაჟს, როგორც ბრენდს და დაიწყეთ მისი ბრენდული მახასიათებლების განსაზღვრა. თუ ოდესმე რეალური ბრენდი შეგიქმნიათ, ეს პროცესი უკვე გავლილი გექნებათ – მისი ხასიათის, ტონისა და კომუნიკაციის სტილის ჩამოყალიბება, იმის განსაზღვრა, თუ როგორ საუბრობს თქვენი ბრენდი და როგორ ამყარებს კავშირს ადამიანებთან. ეს ყველაფერი თქვენი ბრენდის სახელმძღვანელო პრინციპებად იქცევა, რათა თქვენ მიერ შექმნილი ნებისმიერი პროდუქტი თუ კონტენტი ყოველთვის ერთიან სტილს ინარჩუნებდეს. ახლა იგივე გააკეთეთ თქვენი პერსონაჟისთვისაც: თავდაპირველად შეარჩიეთ სამი თვისება. მაგალითად, იყოს ოპტიმისტი, მხარდამჭერი და მხიარული. ან შესაძლოა – კეთილი, გულუხვი და სანდო. ამის შემდეგ, თითოეული გადაწყვეტილება და ყოველი კომუნიკაცია ამ სამი სიტყვის ფილტრში გაატარეთ.

მეგანს სურდა, რომ მის ბრენდს ადამიანებისთვის ყოველთვის პოზიტიური განწყობა მიენიჭებინა. "მინდა, რომ Megan Thee Stallion ჩემს პიროვნულ თვისებებს ეფუძნებოდეს. მე ყოველთვის ასეთი არ ვარ, თუმცა ჩემი ფასეულობების მთავარი არსია", – ამბობს ის.

მან საკუთარ თავს ჰკითხა: ვინ ჩუქნიდა მას ამ პოზიტიურ განწყობას? ვისი სახის გაცოცხლება შეეძლო, როდესაც სტაბილურობის შენარჩუნება სჭირდებოდა? პასუხი იყო – ბებია.

"ჩვენს უბანში ყველას უყვარდა და იცნობდა ჩემს ბებიას", – იხსენებს მეგანი. მეგანის ბებია ნამდვილი საყრდენი იყო – ქალი, რომელიც ყველას ტკბილეულითა და ორცხობილებით უმასპინძლდებოდა, გაჭირვებულს კი ყოველთვის უყოფდა მცირედ ფულს. "ყველას შეეძლო მის სახლთან ჩამოევლო და იცოდა, რომ საათობით შეეძლო მასთან საუბარი – ის ყოველთვის თბილად დაგხვდებოდა. მეუბნებოდა ხოლმე: მნიშვნელობა არ აქვს, ვინ საიდან არის, როგორ გამოიყურება ან ვინ არის. შენ ყოველთვის კეთილი და თავაზიანი უნდა იყო".

ასე რომ, მეგანმა გადაწყვიტა: სწორედ ეს განსაზღვრავდა Megan Thee Stallion-ის ბრენდს. ამ პერსონაჟის მთავარი ბირთვი მისი ბებიაა.

თუმცა, რა თქმა უნდა, Megan Thee Stallion მხოლოდ სათნო და კეთილი არ არის. სცენაზე მის პერსონაჟს აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, თავდაჯერებულობა და სითამამე. ის არის ცეცხლოვანი, თამამი, ეპატაჟური და ნებისმიერ წვეულებაზე ყურადღების ცენტრშია. სწორედ ამ ენერგეტიკას გამოხატავდა ჰიტი – WAP, რომელიც მან Cardi B-სთან კოლაბორაციით ჩაწერა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც მეგანმა პოპულარობის პიკს მიაღწია, მან შეამჩნია, რომ ზღვარი საკუთარ თავსა და პერსონაჟს შორის წაეშალა.

"მუდმივად Megan Thee Stallion ვიყავი. სულ ფორმაში, სულ ჩართული. ხალხიც ასე აღმიქვამდა. ისინიც კი, ვინც მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან მიცნობდნენ, ძველებურად აღარ მიყურებდნენ. მექცეოდნენ ისე, როგორც Megan Thee Stallion-ს და ეს საშინლად არ მომწონდა. ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ჯანსაღი". ამან მეგანი აიძულა, უფრო გააზრებულად მისდგომოდა იმას, თუ ვინ იყო. Megan Thee Stallion-ის ცხოვრება ხშირად საქმიან ინტერესებზეა აგებული. მან შეიძლება დღეში ათობით ან ასობით ადამიანი გაიცნოს და შემდეგ ისინი ვეღარასოდეს ნახოს. ამავდროულად, ბევრი სხვა ვარსკვლავის მსგავსად, მეგან პიტის პირადი ცხოვრება სულ უფრო დახურული გახდა და ახლა მხოლოდ ღრმა, სანდო ურთიერთობებს ეფუძნება. "ვისწავლე იმის გარჩევა, ვინ დარჩებოდა ჩემთან დიდხანს და ვინ იყო უბრალოდ დროებითი, კონკრეტული ეტაპის ადამიანი", – ამბობს ის.

შეიძლება ამან დაბნეულობა გამოიწვიოს? რა თქმა უნდა. თუმცა, ამავე დროს, ბევრი რამე ხდება გასაგები. მეგანი საუბრობს ერთგვარ დისტანცირებაზე – როდესაც პერსონაჟი მისი ნაწილია, მაგრამ მთლიანად არ ფარავს მას. ეს ნიშნავს, რომ მისი სამუშაოც მისი ნაწილია, მაგრამ არა მთელი მისი ცხოვრება. ამის გამიჯვნა ყველა ადამიანისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარ საქმეში უდიდეს ენერგიას ვდებთ. "როდესაც სახლში მივდივარ, მთელი დღის გადაღლილობა და პრობლემები პირად ცხოვრებაში არ უნდა გადავიტანო. რაც არ უნდა დამართნოდა დღეს Megan Thee Stallion-ს, ეს არ უნდა მივიტანო სახლში ჩემს ნამდვილ მეგობრებთან, ნამდვილ პარტნიორსა და ოჯახთან. მე ორი სხვადასხვა ცხოვრებით ვცხოვრობ".

鶹 მეგანს 2026 წლის მარტის ბოლოს ნიუ-იორკში შეხვდა. ამ დროს ბროდვეიზე Al Hirschfeld Theatre-ში მიუზიკლი Moulin Rouge იდგმებოდა. ინტერვიუს დაწყენამდე მეგანი გამოტყდა, რომ ნერვიულობდა. იმ პერიოდში "მულენ რუჟის" პრემიერამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. გარდა ამისა, ის ხშირად არ იძლევა ინტერვიუებს – ურჩევნია, თავის ფანებს პირდაპირ სოციალური ქსელებით ესაუბროს. ამიტომ ტელეფონში მოკლე ჩანაწერები ჰქონდა გაკეთებული – ის საკითხები, რომელთა გაზიარებაც სურდა და არ უნდოდა, რამე გამოჰპარვოდა.

ყველაფერი ნათელია: მან იცის, რომ მის სიტყვებს წონა აქვს და სურს, რომ მისი გაიგონ.

თავდაპირველად ის სულაც არ გეგმავდა ანტრეპრენერი გამხდარიყო. მისი მიზანი მუსიკოსობა იყო – რადგან ეს მისი საყვარელი საქმეა და ამავდროულად, ფინანსურად სტაბილური ცხოვრებისკენ მიმავალ გზადაც აღიქვამდა. ის შორიდან აკვირდებოდა ცნობილ მუსიკოსებს, რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ, რაც კი მოესურვებოდათ.

"როცა სცენაზე გამოსვლა დავიწყე, მივხვდი, რომ ამ საქმეს სულაც არ მოაქვს იმდენი ფული, რამდენიც მეგონა", – ამბობს ის. რატომ? ჰკითხეთ ნებისმიერ მუსიკოსს! ხმის ჩამწერი კონტრაქტები ხშირად კაბალურია, მუსიკალური საავტორო უფლებები კი – ზედმეტად კომპლექსური. მუსიკოსმა შეიძლება დაწეროს სიმღერა, მაგრამ ის მის საკუთრებაში არ დარჩეს, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენების უფლება და ჰონორარი შეზღუდულია. ამავდროულად, სტრიმინგიდან შემოსავალი თითქმის ნულის ტოლია და მილიარდობით ნახვაც რომ გქონდეს, როგორც მეგანს აქვს, ფულის მიღებას დიდი დრო სჭირდება. მუსიკოსებს ბრენდებთან პარტნიორობითაც შეუძლიათ ფულის შოვნა, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი გარიგებებია – დღეს არის, ხვალ კი აღარ, და გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

"ჩვენს იმიჯსა და ხმას უამრავი რამისთვის იყენებენ – ფილმებში, სპორტში, რადიოში, ყველაფერში, რაც კულტურაზე ახდენს გავლენას. მაგრამ ხშირად აცნობიერებ, რომ შენი იმიჯით და შენი საქმით უამრავ ბრენდს ეხმარები ზრდასა და გაფართოებაში – ერთ დღესაც კი გარშემო იხედები და ხვდები: მე არაფერი მაქვს. ჩემს სახელზე არაფერი შემიქმნია. ჩემი საკუთრება არაფერია".

2019 წლისთვის, როდესაც მეგანის კარიერა საოცარი სისწრაფით მიიწევდა წინ, მას მაინც ჰქონდა განცდა, რომ მყარ ნიადაგზე არ იდგა. ეს პოპულარობა წარმავალ გარემოებებზე იყო დამოკიდებული – სიმღერის აქტუალურობით თუ სტადიონების დღევანდელი გადავსების უნარით. მას მეტი სტაბილურობა სურდა, თუმცა არ იცოდა, როგორ მიეღწია ამისთვის.

შემდეგ მეგანმა კონტრაქტი გააფორმა Roc Nation-თან – ტალანტების სააგენტოსა და პროდიუსერულ კომპანიასთან, რომლის დამფუძნებელიც არის Jay Z. მეგანი დაუახლოვდა კომპანიის გენერალურ დირექტორს, დეზირე პერესს და მათ შორის გაიმართა საუბარი, რომელმაც მეგანს თვალი აუხილა. "მან მასწავლა, რომ აუცილებლად უნდა ვფლობდე რაღაც საკუთარს. მან მითხრა: შენ ვერ გადარჩები, თუ მუდმივად სხვებისთვის იშოვი ფულს. უნდა იპოვო გზა, რომ საკუთარი თავის უფროსი გახდეო. მეც მივხვდი, რომ ის მართალი იყო".

დააკვირდით ირონიას: როგორც მეგანმა ადრე აღნიშნა, მას კარგად ესმოდა განსხვავება უბრალოდ გამოჩენასა და იმას შორის, როცა ხალხს შენი ესმის. მან იცოდა, რომ მხოლოდ ხილვადობა ხანმოკლეა და მისი კარიერა ფანებთან უფრო ღრმა ურთიერთობებზე უნდა აგებულიყო. თუმცა, თავდაპირველად ეს მიდგომა მხოლოდ სოციალურ ქსელებს მოარგო. ახლა კარგად ხვდებოდა, რომ ცნობილი მუსიკოსობა სინამდვილეში, უბრალოდ, საჯარო გამოჩენის კიდევ ერთი ფორმა გახლდათ და ეს წარმავალი იყო. ნამდვილი წარმატება კი პერსპექტივის შეცვლას მოიტანდა: მას მუსიკოსობის მიზნისთვის უნდა შეეხედა არა როგორც საბოლოო წერტილისთვის, არამედ როგორც საწყისი პლატფორმისთვის სრულიად ახალი, განსხვავებული შესაძლებლობების გამოსავლენად.

ყველა ანტრეპრენერი მსგავსად უნდა ფიქრობდეს. ის, რასაც ქმნით, საბოლოო წერტილი არ არის. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი და დასაწყისია. თუ პროდუქტს შექმნით და ბაზარზე თქვენს ნიშას იპოვით, მხოლოდ ამ პროდუქტის გაყიდვით ვერ შემოიფარგლებით. კონკურენტები მაშინვე გამოჩნდებიან, მომხმარებლებმა კი შესაძლოა ინტერესი დაკარგონ. ამიტომ, ამის ნაცვლად, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: რა მასწავლა ამ პროდუქტმა იმაზე, თუ კიდევ რა სურს ჩემს მომხმარებელს? თქვენ ქმნით იმისთვის, რომ მოიპოვოთ ადამიანების ერთგულება, შემდეგ კი – გახდეთ თქვენი სფეროს სრული მფლობელი.

მეგანის თქმით, საკუთრების უფლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მან ეს 2024 წელს, 28 წლის ასაკში გააცნობიერა, როცა გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელმაც სრული საკუთრება მოიპოვა თავის ორიგინალ ჩანაწერებსა და საგამომცემლო უფლებებზე. ეს ნიშნავს, რომ ის ახლა თავად აკონტროლებს თავისი ახალი მუსიკის გამოყენების ყველა უფლებას და სრულად იღებს შემოსავალს. მან გამოუშვა ტეკილას ბრენდი, ასევე საცურაო კოსტიუმების ხაზი Hot Girl Summer, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით Walmart-ის მაღაზიებში იყიდება. 2026 წლის იანვარში კი მაიამი ბიჩზე გახსნა სწრაფი კვების რესტორნის, Popeyes-ის ფრენჩაიზი ექსკლუზიური მენიუთი, რომელსაც Thee Megan Meal ჰქვია.

წინ კიდევ უამრავი პროექტი და პროდუქტია, მათ შორის სუნამო და ანიმე სერიალი. მის წინაშე ხომ უამრავი ბიზნესშესაძლებლობა იშლება. თეორიულად, მას შეუძლია ნებისმიერი რამ აწარმოოს, რაც მოესურვება. კითხვაზე: როგორ ხვდება, რომელი წამოწყებაა მისთვის შესაფერისი, მეგანი პასუხობს, რომ ორ მთავარ კითხვას სვამს და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. პირველია: იამაყებდა თუ არა ამით დედამისი? დედამისი მისი პირველი მენეჯერი და მთავარი გულშემატკივარი იყო – ეს დღემდე მეგანის ცხოვრების მთავარი გზამკვლევია. მეორე კითხვა კი ასეთია: რამდენად ლოგიკური იქნება ეს მისი ფანებისთვის?

"მგონია, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემი აუდიტორიისთვის გასაგები და ლოგიკურია, რადგან მათ კარგად იციან ჩემი პირადი ინტერესები".

მაგალითისთვის, Megan Thee Stallion-ს უყვარს გართობა, ასე რომ, რა თქმა უნდა, სურს დააგემოვნოს ტეკილა და სასმლის ბრენდის გამოშვება მისგან ლოგიკური ნაბიჯია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: საკუთარი თავის ჩვენებით მან ფანები იმისთვისაც შეამზადა, რომ მათაც ისეთივე ინტერესი გაუჩნდეთ იმის მიმართ, რაშიც თავად დებს ენერგიას. მას არასოდეს სჭირდება პროდუქტის ძალდატანებით დარეკლამება, რადგან მისი ნაწარმი უბრალოდ აუდიტორიასთან ურთიერთობის გაგრძელებად აღიქმება.

Megan Thee Stallion-ის მაგალითით შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც გხედავენ, გეძლევა შანსი, რომ ხალხმა შენი გაიგოს. ხოლო როდესაც შენი ესმით, შეგიძლია ბევრად უფრო დიდ მასშტაბებზე გახვიდე და გასცდე გარემოებებს, რის გამოც თავიდან შეგამჩნიეს. შენ შეგიძლია გაკვალო გზა, რომელსაც ადამიანები გაჰყვებიან, შენი მიზნები და ამბიციები კი გაიზრდება და ბაზარზე შენი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდება. "შენ გაქვს თავისუფალი ხმა და სწორედ ამ ხმის ერთგულება არის შენი ბრენდი".