როგორ მივიღოთ ანაზღაურება საკუთარი იდეების სანაცვლოდ?

By CASSANDRA WORTHY

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

გსურთ გახდეთ საჯარო სპიკერი ან შექმნათ გაყიდვადი სასწავლო კურსი? ამისთვის საჭიროა თქვენი იდეები რაღაც ტაქტიკურ, პრაქტიკულ და დასამახსოვრებელ პროდუქტად აქციოთ. აი, როგორ უნდა გააკეთოთ ეს.

მე პროფესიონალი სპიკერი ვარ და ჩემი წლიური შემოსავალი შვიდნიშნა ციფრს აღწევს. ხშირად მეკითხებიან, თუ რა განასხვავებს კარგ სპიკერს საუკეთესოსგან. ხალხს ჰგონია, რომ ვეტყვი: საუკეთესოებს დიდი ენერგია აქვთ, კარგ ისტორიებს ჰყვებიან ან ძალიან ემოციურები არიანო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ის არის, რაც ყველას თვალთახედვის მიღმა რჩება ხოლმე: საუკეთესო სპიკერებს საუკეთესო ჩარჩო-მოდელები (Frameworks) აქვთ.

დიახ, ჩარჩო-მოდელები! ეს არც ისე საინტერესო თემაა სალაპარაკოდ და არც ისაა, რაზეც საჯარო გამოსვლების მსურველები ოცნებობენ. თუმცა, სწორედ ესაა დასამახსოვრებელი სწავლების საფუძველი – არა მხოლოდ საუბრისას, არამედ წიგნების წერისას, კურსების მომზადებისას და ნებისმიერ სხვა სფეროში, სადაც საკუთარ თავს ავტორიტეტის პოზიციაზე აყენებთ.

მთავარი აზრი: თუ გსურთ, რომ თქვენს იდეებში ფული გადაგიხადონ, აუცილებლად უნდა გესმოდეთ ჩარჩო-მოდელების არსი.

მაინც რა არის ეს ჩარჩო-მოდელი? ეს არის კომპლექსური კონცეფცია, რომელიც დაშლილია სასარგებლო და ადვილად დასამახსოვრებელ ნაბიჯებად. თქვენ ბევრი ასეთი მოდელი გინახავთ, მაგალითად:

ბენ ნემტინი იყენებს მოდელს "5 ნაბიჯი შეუძლებლის შესაძლებლად საქცევად". მისი ნაბიჯებია: დაწერეთ თქვენი ოცნება, ისაუბრეთ მასზე, გამოიჩინეთ შეუპოვრობა, ისწრაფეთ მასშტაბური მიზნებისკენ და გაეცით ენერგია.

ერიკა დავანი ასწავლის "კავშირის ინტელექტს" (Connectional Intelligence), რომელიც ლიდერებს ნდობის მოპოვებაში ეხმარება 5 კომპონენტის მეშვეობით: კონტექსტუალიზაცია, საზოგადოება, კომბინაცია, წვა და გაბედული საუბარი.

ჩემს მოდელს კი "ცვლილებების ენთუზიაზმი" (Change Enthusiasm) დავარქვი და სახელი დავაპატენტე კიდეც. იგი სამი ნაბიჯისგან შედგება: სიგნალი, შესაძლებლობა და არჩევანი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

მოდი, ვნახოთ, რა ხდება მაშინ, როდესაც სპიკერს ჩარჩო-მოდელი არ აქვს: ის სცენაზე გადის და უამრავ რამეს ამბობს. ჰყვება კარგ ისტორიებს, ხუმრობს, აფრქვევს იდეებს... მაგრამ ეს ყველაფერი ერთ დიდ ფაფას ჰგავს. რამდენიმე დღის შემდეგ აუდიტორიას აღარაფერი ახსოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს იდეებს სხვებს აღარ გაუზიარებენ. შედეგად, სპიკერს ივიწყებენ და მას აღარავინ ქირაობს.

როდესაც პუბლიკას მოდელს სთავაზობთ, თქვენ მთელ დროს მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხის სწავლებას უთმობთ. თქვენ მას შლით მარტივ ნაბიჯებად და საბოლოოდ ერთიან სურათს ქმნით. ამით თქვენ ამ იდეაზე თითქოს საკუთრების უფლებას აწესებთ. მაგალითად, მე, უბრალოდ, იმას კი არ ვასწავლი ხალხს, თუ როგორ გაუმკლავდნენ ცვლილებებს (ეს ძალიან ზოგადი და აბსტრაქტულია), არამედ ვასწავლი "ცვლილებების ენთუზიაზმს". ეს ჩემია. მე მას ვფლობ.

ხალხი იხდის იმაში, რაც არის განსხვავებული, დადასტურებული და დასამახსოვრებელი. მაშ, როგორ შექმნათ საკუთარი ჩარჩო-მოდელი? აი, ჩემი ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია.

ნაბიჯი 1: განსაზღვრეთ პრობლემა, რომელსაც ჭრით

ეს ბიზნესის ოქროს წესია: არავის უნდა უბრალოდ რაღაცის ყიდვა. ხალხს პრობლემის გადაჭრა სურს! ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ფულს ხარჯავენ. ამიტომ თქვენი ცოდნა პრობლემის გადაჭრის კონტექსტში უნდა წარმოაჩინოთ.

რაც უფრო ზუსტად განსაზღვრავთ პრობლემას, მით უფრო მიმზიდველი იქნება თქვენი იდეა მყიდველისთვის. მაგრამ არ დაკმაყოფილდეთ ზედაპირული აღწერით. ჰკითხეთ საკუთარ თავს: "რატომ უარესდება ადამიანის ცხოვრება ამ პრობლემის გამო?"

მაგალითად, მე ვსაუბრობ ცვლილებებით გამოწვეულ რთულ ემოციებზე. მე რომ მეთქვა: "პრობლემა ისაა, რომ ცვლილებები რთულია", ეს ძალიან ბანალური იქნებოდა. ამით ჩემს უნიკალურ ცოდნას ვერ ვაჩვენებდი. ამიტომ პრობლემას ასე ვაყალიბებ: "პრობლემა არის ემოციური წინააღმდეგობის, დაღლილობისა და გულგრილობის მზარდი დონე, რაც დღევანდელ კომპლექსურ ცვლილებებთან გამკლავებას ახლავს თან".

ამით მე ორგანიზაციებს ვეუბნები: თუ ამ ემოციურ მხარეს არ მიხედავთ, თქვენი თანამშრომლები გამოიფიტებიან და ბიზნესი დაზარალდება. აი, ეს უკვე ნამდვილად სერიოზული პრობლემაა გადასაჭრელად.

ნაბიჯი 2: გააანალიზეთ თქვენი შემთხვევა

თქვენ რაღაცის ექსპერტი ხართ. ახლა მთავარია კითხვა, როგორ გამოიყენოთ ეს ცოდნა პრაქტიკულად? გაიხსენეთ ვინმე, ვისაც ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარეთ და ვინც დიდი ტრანსფორმაცია განიცადა (ან გაიხსენეთ საკუთარი თავი). შემდეგ უპასუხეთ ამ ოთხ კითხვას:

  • რა განწყობები, რწმენები და ქცევები კვებავდა თავდაპირველ პრობლემას?
  • რა იყო სასურველი ცვლილება?
  • რა ქმედებები განხორციელდა ამ ცვლილების მისაღწევად?
  • რა რწმენები და ქცევები უწყობს ხელს ამ შედეგის შენარჩუნებას?

საუკეთესო მოდელები მხოლოდ "გასაკეთებელი საქმეების სია" არ არის; ისინი ადამიანის აზროვნებას ცვლიან. მაგალითად, როდესაც მე კომპანიის ტრანსფორმაციის პროცესს ვხელმძღვანელობდი, ვცდილობდი ჩემი ემოციები დამემალა, რადგან გვასწავლიდნენ, რომ მოწყვლადობა სისუსტეა. მაგრამ მოგვიანებით მივხვდი: ემოციები ცვლილებებს კი არ აფერხებს, არამედ მათთვის საწვავია. როდესაც დავიწყე ჩემი შიშების გაზიარება, სხვებმაც იგივე გააკეთეს და ჩვენ უფრო სწრაფად განვვითარდით.

ნაბიჯი 3: ჩამოაყალიბეთ თქვენი ნაბიჯები

ახლა დროა, თქვენი გამოცდილება თანმიმდევრულ ქმედებებად აქციოთ. რა ხდება პირველ რიგში? მეორე? მესამე? ჩემს შემთხვევაში ეს ასე გამოიყურება:

  • ვაღიარე რთული ემოციები.
  • ვიკვლიე შესაძლებლობები, რომლებსაც ეს ემოციები მიჩვენებდნენ.
  • ავირჩიე გზა და გადავდგი ნაბიჯი.

ეს სამი ნაბიჯი გახდა ჩემი მოდელის საფუძველი. ეცადეთ, თქვენი სისტემა იყოს მარტივი და ციკლური, რათა მისი მრავალჯერ გამოყენება გახდეს შესაძლებელი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიზუალური სიმბოლოებიც (მე, მაგალითად, შუქნიშნის მეტაფორას ვიყენებ).

ახლა კი შექმენით თქვენი მოდელი!

არ არსებობს "სწორი" ან "არასწორი" ჩარჩო. ის დროთა განმავლობაში აუცილებლად დაიხვეწება. მაგრამ ერთი რამ მინდა, დაგაჯეროთ: ამით თქვენ გამოირჩევით სხვებისგან. თქვენ აღარ იქნებით უბრალოდ ვიღაც, ვინც რომელიმე საგანს ასწავლის; თქვენ იქნებით პიროვნება, რომელიც ასწავლის საკუთარ, უნიკალურ კონცეფციას. რაც უფრო მეტად გაგიცნობენ ამ კონცეფციით, მით მეტს გადაგიხდიან მასში.

როდესაც ხალხი თქვენს მოდელში ფულს იხდის, სწორედ მაშინ ხდება თქვენი იდეა ნამდვილი ბიზნესი.

თარგმანი: თინათინ ლუხუტაშვილი