ზურაბ ახალაძე "გრანთ თორნთონის" იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ზურაბ ახალაძე "გრანთ თორნთონის" იურიდიული დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი გახდა. მისი პროფესიული გამოცდილების, კარიერული წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ 鶹 ქვემოთ გიამბობთ.

გვიამბეთ თქვენი პროფესიული გზის შესახებ, სად მიიღეთ განათლება, როგორ განვითარდა შემდეგში თქვენი კარიერა და რა იყო ამ გზაზე მთავარი გამოწვევა?

ჩემი პროფესიული გზა თავიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბიზნესსამართალთან. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ პრაქტიკული გამოცდილების მიღება დავიწყე კერძო სექტორში, სადაც ვმუშაობდი როგორც in-house იურისტი და შესაბამისობის (compliance) მენეჯერი. ამ პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული კორპორაციულ, შრომით და სახელშეკრულებო სამართალში, რაც დამეხმარა ბიზნესის საჭიროებების სიღრმისეულად გააზრებაში.

შემდგომში კარიერა გავაგრძელე ბიზნესასოციაციაში, სადაც უკვე კანონშემოქმედებით პროცესებში მონაწილეობაც და რეგულაციების შეფასება გახდა ჩემი საქმიანობის ნაწილი. ამ გამოცდილებამ დამანახა სამართლის როლი არა მხოლოდ როგორც ნორმატიული ჩარჩო, არამედ როგორც ბიზნესის განვითარების ინსტრუმენტი.

თქვენს კითხვაზე პასუხად, მთავარი გამოწვევად შეიძლება დაგისახელოთ მუდმივად ცვალებად სამართლებრივ გარემოსთან ადაპტაცია და ბიზნესისთვის არა მხოლოდ იურიდიული, არამედ პრაქტიკულად განხორციელებადი გადაწყვეტილებების შეთავაზება. რეალურად ფიქრობ, ეს არის არა მხოლოდ ჩემი, პერსონალური, არამედ იურისტების ზოგადი გამოწვევა, რომელთან გამკლავებაც გვიწევს.

მოგვიყევით თქვენს პროფესიულ გზაზე, "გრანთ თორნთონში" უფროსი იურისტიდან დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე, როგორ ფიქრობთ, რა იყო ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და უნარები, რამაც ეს შესაძლებელი გახადა?

"გრანთ თორნთონში" ჩემი კარიერული გზა უფროსი იურისტის პოზიციიდან დაიწყო და დღეს უკვე იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის რანგში ვაგრძელებ საქმიანობას. ვფიქრობ, რომ ეს პროგრესი განპირობებული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით: პირველ რიგში, (ალბათ) ბიზნესზე ორიენტირებული აზროვნებით. ასევე, ვფიქრობ, გადამწყვეტი აღმოჩნდა კომპლექსური პროექტების მიმართ პასუხისმგებლობის აღება და მათი წარმატებით მართვა, რაც საშუალებას მაძლევდა, დამემტკიცებინა ჩემი პროფესიული სანდოობა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა გუნდის მართვისა და მენტორობის უნარების განვითარებას, რადგან ძლიერი გუნდი არის ნებისმიერი წარმატებული პროექტის საფუძველი. საბოლოოდ, ვფიქრობ, ამ ყველაფერთან ერთად ჩემ მიერ კლიენტებთან ურთიერთობაში სტრატეგიული პარტნიორის როლის ჩამოყალიბებამ შექმნა ის ღირებულება, რამაც განაპირობა ჩემი კარიერული წინსვლა და ხელმძღვანელის პოზიციაზე გადასვლა.

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის როლში რა არის ის მთავარი განსხვავება, რაც განასხვავებს "ძლიერ იურისტსა" და "ეფექტიან ლიდერს"?

ბიზნესიურისტი არ უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ სამართლებრივ სიზუსტეზე და რისკების იდენტიფიცირებაზე, მან ეს ცოდნა უნდა გარდაქმნას ბიზნესისთვის რეალურ ღირებულებად.

ლიდერობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სწორი იურიდიული პასუხების გაცემით, ის გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღებას მაშინაც კი, როდესაც ინფორმაცია "არასრულია"; სტრატეგიული ხედვის შენარჩუნებას მოკლევადიანი ამოცანების მიღმა და გუნდის გაძლიერებასა და განვითარებას კონტროლის ნაცვლად. მიმაჩნია, რომ სწორედ აქ შეიძლება ვიპოვოთ განსხვავება კარგ იურისტსა და ძლიერ ლიდერს შორის.

თქვენი პრაქტიკა მოიცავს როგორც კლასიკურ მიმართულებებს (კორპორაციული, შრომითი სამართალი), ისე თანამედროვე სფეროებს, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვა და კრიპტორეგულაციები. როგორ მოახერხეთ ამ ცვლილებებთან დროული ადაპტაცია და რა როლი ითამაშა ამან თქვენს კარიერულ წინსვლაში?

თუ ადრე პრაქტიკა ძირითადად ფოკუსირებული იყო ტრადიციულ მიმართულებებზე, სახელშეკრულებო, შრომით, კორპორაციულ და ვალდებულებით სამართალზე, დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახალი, რეგულაციებზე დაფუძნებული დისციპლინების ცოდნა და მათი პრაქტიკაში ინტეგრირება.

ჩემი პირადი მოტივაცია ყოველთვის იყო საკანონმდებლო ცვლილებებთან დროული ადაპტაცია და მათი კომერციული ინტერპრეტაცია კომპანიებისთვის. ამ მიდგომამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში, რადგან შესაძლებლობა მომცა, არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ გუნდის დონეზე ჩამომეყალიბებინა ექსპერტული ცოდნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მომხმარებელთა უფლებების დაცვა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ასევე ეროვნული ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები – მათ შორის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (PSP) და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის (VASP) ლიცენზირება და შესაბამისობა.

ჩვენი როლი, ტრადიციულის გარდა, დღეს არის ბიზნესის მხარდაჭერა გარდამავალ პერიოდში, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები ქმნის ახალ გამოწვევებს. ვინაიდან კომპანიები ვალდებული არიან მოერგონ ახალ რეგულაციებს, ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტიანი და რისკებისგან დაცული.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ბოლო პერიოდში შრომითი და საიმიგრაციო კანონმდებლობის ცვლილებები, სადაც "გრანთ თორნთონი" აქტიურად დაეხმარა როგორც კომპანიებს, ისე ფიზიკურ პირებს ახალი რეგულაციების პრაქტიკაში დანერგვასა და შესაბამისობის უზრუნველყოფაში.

კომპლექსური პროექტების მართვისას რა არის ყველაზე რთული გამოწვევა, რომელსაც იურისტი აწყდება და როგორ უმკლავდებით მას სტრატეგიულ დონეზე?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის მრავალმხრივი ინტერესების – სამართლებრივი, კომერციული და რეპუტაციული ფაქტორების დაბალანსება. ეს განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებები სწრაფადაა მისაღები და გარემო მუდმივად იცვლება.

ამ პროცესში გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივი რისკების ზუსტი შეფასება, არამედ ისეთი გადაწყვეტილებების შეთავაზება, რომლებიც ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება და რეალურად ქმნის დამატებულ ღირებულებას. სწორედ ამიტომ, სტრატეგიულ დონეზე ვმართავ მსგავს პროექტებს რისკების პრიორიტეტიზაციით, სხვადასხვა სცენარის წინასწარი ანალიზით და კლიენტთან გამჭვირვალე, აქტიური კომუნიკაციით. ეს მიდგომა იურიდიულ რჩევას გარდაქმნის პრაქტიკულ ინსტრუმენტად, რომელიც მორგებულია ბიზნესის საჭიროებებსა და გრძელვადიან მიზნებზე.

ასევე, დამატებით, როგორც სერტიფიცირებული მედიატორი, ბიზნესდავების მართვისას ვიყენებ სამედიაციო მიდგომებს, რომლებიც ხელს უწყობს კონფლიქტების სწრაფ, ეფექტიან და ხარჯთეფექტურ გადაწყვეტას. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მიზანია დავის თავიდან აცილება ან უკვე დაწყებული პროცესის მართვა ისე, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა და ურთიერთობები შენარჩუნდეს.

პრაქტიკაში ასეთი მიდგომა ხშირად იძლევა შედეგს, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღებია და გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადობას უზრუნველყოფს. შედეგად, მცირდება სამართლებრივი და ფინანსური რისკები, ხოლო იზრდება პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებისა და თანამშრომლობის პოტენციალი.

თქვენ მუშაობდით როგორც კერძო სექტორში, ისე საჯარო პოლიტიკისა და კანონშემოქმედებითი პროცესების მიმართულებით, როგორ აისახა ეს გამოცდილება თქვენს პროფესიულ ხედვასა და გადაწყვეტილებების მიღების სტილზე?

ნამდვილად გამიმართლა (ალბათ დამსახურებულად), რომ მქონოდა შესაძლებლობა, ტრადიციული კლასიკური იურიდიული მიმართულებების გარდა, მქონოდა საჯარო პოლიტიკასა და კანონშემოქმედებით პროცესებში მუშაობის გამოცდილება. ჩემთვის პირადად ამ გამოცდილებამ დამანახა, როგორ იქმნება რეგულაციები "შიგნიდან" და რა ლოგიკით ვითარდება სამართლებრივი ჩარჩოები. კერძო სექტორში მიღებულმა გამოცდილებამ კი მაჩვენა, როგორ მოქმედებს ეს რეგულაციები პრაქტიკაში და რა გავლენას ახდენს ბიზნესის ყოველდღიურ ოპერირებაზე.

ამ ორი გამოცდილების სინთეზმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩემი პროფესიული ხედვა: გადაწყვეტილებების მიღებისას სამართალს აღარ აღვიქვამ მხოლოდ ნორმატიულ სისტემად, არამედ როგორც დინამიკურ მექანიზმს, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ბიზნესის სტრატეგიასა და შედეგებს. ეს მაძლევს შესაძლებლობას, კლიენტებს შევთავაზო პროაქტიული მიდგომა – წინასწარ დავინახო რეგულაციური რისკები, შევაფასო მათი გავლენა ბიზნესმოდელზე და შევიმუშაო გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებს სამართლებრივ მოთხოვნებს და ემსახურება ბიზნესის გრძელვადიან ინტერესებს.

იურისტთა გუნდის მართვისას რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ, რომ გუნდი იყოს არა მხოლოდ ეფექტიანი, არამედ პროფესიულად მზარდიც?

შესაბამისად ჩემთვის მთავარი პრინციპია ნდობაზე, მკაფიო მოლოდინებსა და უწყვეტ განვითარებაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა. ჩვენ გვყავს გუნდი, სადაც ყველა იურისტს თავისი (დამატებითი) კომპეტენცია და ექსპერტიზა აქვს. ეფექტიანობა და პროფესიული ზრდა ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის – პირიქით, სწორედ მათი ბალანსი ქმნის ძლიერ გუნდს.

პირველ რიგში, ვცდილობ, რომ გუნდის თითოეულ წევრს ჰქონდეს საფუძვლიანი გაგება თავისი როლისა და პასუხისმგებლობის შესახებ, ასევე იმის, როგორ უკავშირდება მისი საქმიანობა საერთო მიზნებს. ეს ზრდის მოტივაციას და პასუხისმგებლობის შეგრძნებას.

მეორე მნიშვნელოვანი პრინციპია კომუნიკაცია და უკუკავშირი. რეგულარულად ვუზიარებ როგორც შეფასებებს, ისე კონსტრუქციულ რეკომენდაციებს, ხოლო თავადაც ყოველთვის ღია ვარ გუნდის წევრების აზრისა და ინიციატივებისთვის. ვფიქრობ, რომ უსაფრთხო პროფესიული გარემო ზრდის როგორც ეფექტიანობას, ისე პროფესიულ თვითდაჯერებულობას.

მესამე მიმართულება არის განვითარებაზე მიზანმიმართული ორიენტაცია – დავალებების განაწილება ისე, რომ გუნდის წევრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააფართოონ კომპეტენციები, მიიღონ უფრო რთული საკითხების გამოცდილება და იმუშაონ როგორც დამოუკიდებლად, ისე ერთობლივად.

საბოლოოდ, ჩემი მიზანია ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულია, რაც ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ თვითგანვითარებაზეცაა მოტივირებული.

სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყოდით?

სანამ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებ, ორიოდე სიტყვას გეტყვით ჩვენს დეპარტამენტზე. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ "გრანთ თორნთონი" წარმოადგენს აუდიტორულ და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიას და იურიდიული მიმართულება, ტრადიციულად, არ მიიჩნევა ასეთ ორგანიზაციებში მთავარ ბირთვად, ჩვენმა გუნდმა, წინა ხელმღვანელის დამსახურებით, შეძლო კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ღირებულების შექმნა როგორც ფინანსური, ისე რეპუტაციული თვალსაზრისით. იურიდიული დეპარტამენტი წლების განმავლობაში უწყვეტად ვითარდებოდა და იხვეწებოდა, ხოლო ჩვენი პროგრესი აღიარებულია საერთაშორისო დონეზეც: Legal 500-ის 2024-2026 წლების რეიტინგში უწყვეტად მოხვედრა ნათლად ასახავს იმ ხარისხსა და პროფესიონალიზმს, რომელსაც ყოველდღიურად ვაშენებთ. რაც შეეხება მომავალს, ამ ეტაპზე ჩემი პროგრამა-მინიმუმია ამ მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, თუმცა პარალელურად ვმუშაობთ სერვისების გაფართოებაზე – მათ შორის ისეთ იურიდიულ მიმართულებებზე, რომლებიც ნაკლებად არის დამახასიათებელი მსგავსი ტიპის კომპანიებისთვის და მოგვცემს საშუალებას, ბაზარზე განსხვავებული, უნიკალური ნიშა დავიკავოთ. ჩვენი მიზანია ბიზნესს შევთავაზოთ არა მხოლოდ შესაბამისობაზე (compliance) ორიენტირებული მომსახურება, არამედ ისეთი იურიდიული პროდუქტი, რომლებიც რეალურად ქმნის კონკურენტულ უპირატესობას. ამასთან, კომპანიის მასშტაბით უკვე დავნერგეთ AI მოდელები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მომსახურების სისწრაფე და ეფექტიანობა; მომავალში კი ვგეგმავთ კიდევ უფრო მოწინავე სისტემების ინტეგრაციას, რომლებიც იურიდიულ სერვისს ახალ ხარისხობრივ განზომილებაში გადაიყვანს კლიენტისთვის მიწოდებული ღირებულების თვალსაზრისით.