ილონ მასკის SpaceX-ი Dogecoin-ს მთვარის მისიისთვის ანგარიშსწორების საშუალებად გამოიყენებს

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ილონ მასკის კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ცნობილი კომპანია SpaceX, 2022 წელს მთვარის მიმართულებით ექსპედიციას აანონსებს. ამ მისიაში მონაწილეობის მისაღებად კი, ე.წ. "მიმების" კრიპტოვალუტა Dogecoin-ს ანგარიშსწორების საშუალებად გამოიყენებს.

კომპანია Geometric Energy Corp.-მა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვით, წარმოებითა და ლოგისტიკითაა დაკავებული და განახლებადი ენერგიის წყაროებზე მუშაობს, 9 მაისს განაცხადა, რომ ილონ მასკის SpaceX-თან ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, Geometric, კოსმოსის კვლევებისათვის, მთვარის მისიას თავის მინითანამგზავრს "გააყოლებს", რომელიც 40 კილოგრამს იწონის და ამ მომსახურების სანაცვლოდ, SpaceX-ს Dogecoin-ით გადაუხდის. მისიის სახელწოდებაა Doge-1 to the Moon და იგი რაკეტა Falcon-9-ის მეშვეობით ჩატარდება. ექსპედიცია 2022 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი.

მასკი "ტვიტერის" საკუთარ ანგარიშზე წერს: "SpaceX-ი თანამგზავრ Doge-1-ს მთვარისკენ მომავალ წელს გაუშვებს. მისიის საფასური გადახდილია Dogecoin-ით. ესაა პირველი კრიპტოვალუტა კოსმოსში; პირველი მიმი კოსმოსში. To the Mooon!"

Dogecoin − კრიპტოვალუტა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, განსაკუთრებით პოპულარული ბოლო პერიოდში მისი ფასის მკვეთრი ზრდის გამო გახდა. CoinGecko-ს მონაცემით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ ციფრული ვალუტის ღირებულება 20 000%-ით გაიზარდა. მასზე მოთხოვნის ზრდაში გამორჩეული წვლილი, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, თავისი სახალისო და თამამი "ტვიტებისა" და "მიმების" წყალობით, ილონ მასკმაც შეიტანა.

ანალიტიკოსების აზრით, DogeCoin-ის მიმართ ბოლო კვირებში განსაკუთრებული დაინტერესება, მასკის SNL-შოუში მოსალოდნელ გამოჩენას უკავშირდებოდა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მას კიდევ შეუძლია კრიპტოვალუტის ფასის გაზრდა, თუკი ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში Doge-ის პოპულარიზებას განაგრძობს. ფაქტია, ილონ მასკის გამოხმაურებები მკვეთრად მოქმედებს ამ ციფრული ვალუტის ფასზე. სულ ცოტა ხნის წინ, Dogecoin-ის გარშემო წარმოქმნილ ასეთ ინტერესს მან "აურზაური" უწოდა, რამაც მალევე, Doge-ი 25%-ზე მეტად გააუფასურა და მისი ფასი 0,43 ცენტამდე დააგდო.

Geometric ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, თუ რამდენი Dogecoin გადაუხადა SpaceX-ს ამ შეთანხმების სანაცვლოდ.

"ამ რანგის შეთანხმებით, Geometric Energy Corp.-მა და SpaceX-მა გაამყარეს Doge-ის პოზიციები და კოსმოსურ სფეროში, განსაკუთრებით კი მთვარესთან დაკავშირებულ ექსპედიციებში, იგი ანგარიშსწორების ერთეულად აქციეს", − სამუელ რეიდი, Geometric Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი.

უამრავი ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ კრიპტოვალუტები არასანდო და მაღალი რისკის შემცველი აქტივია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გაუფასურდეს. ანალიტიკოსთა ნაწილი კი, განსაკუთრებული კატეგორიულობით გამოირჩევა და Dogecoin-ს, როგორც ციფრულ ვალუტას, თაღლითობად და სპეკულაციად მიიჩნევს.

არჩილ გელაშვილი

鶹 Staff

ჟურნალისტი, 鶹 Georgia